fbpx
21 Chavchavade St. Deadend II, Tbilisi, Georgia. +995 599 404 185 info@cp2020.ge

პროექტი ითვალისიწნებს საპარლამენტო არჩევნებზე, ბოლნისის და მარნეულის ოლქებში, კენჭისყრის პროცესის  მონიტორინგს, რათა უზრინველყოფილი იყოს არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება.პროექტის ფარგლებში, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“  შერჩეულ ოლქებში კენჭისყრის პროცესს დააკვირდება. ორგანიზაციის დამკვირვებლები შეაფასებენ არჩევნების დღეს გამოავლენენ დარღვევებს, საჩივრებით მიმართავენ საარჩევნო ადმინისტრაციას, დავის სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში ორგანიზაციის იურისტები უზრუნველყოფენ დარღვევებზე შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საარჩევნო უბნების დამკვირვებლები პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში შექმნილ ცხელ ხაზს, ასევე უზრუნველყოფენ გამოვლენილი დარღვევის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ცხელი ხაზისთვის მიწოდებას.

პროექტის მიხედვით, ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ხმის დათვლის პროცესს უბნებზე და დამდგარი შედეგის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებენ ორგანიზაციას. კენჭისყრის დღის მონიტორინგის შედეგები აისახება „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ანგარიშში.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიერ შერჩეულ იქნება ის უბნები, რომლებიც არ არის დაფარული სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ; ამასთან, ორგანიზაციის  დამკვირვებლები არ იქნებიან იმ ოლქის მაცხოვრებლები, სადაც ორგანიზებულია სადამკვირვებლო მისია;

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ დამკვირვებლებს შეარჩევს საკუთარი რესურსით, კერძოდ, ითანამშრომლებს  ორგანიზაციის პროექტის –  „საარჩევნო სკოლის“ მონაწილეებთან. დამკვირვებლები გაივლიან ერთ დღიან ტრენინგებს, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას დამკვირვებლის ფუნქცია-მოვალეობის შესახებ.

პროექტის ფარგლებში, შეიქმნება დამკვირვებლის სახელმძღვანელო, რომელშიც აღნიშნული ინფორმაციის გასწვრივ მითითებული იქნება საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლი და პუნქტი; მომზადდება დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. იმუშავებს  მობილური ჯგუფები, რომლებიც სპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე შეამოწმებენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალქო პლატფორმა 20/20“-ში იმუშავებს იურისტთა ჯგუფი, რომელიც  საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად გაუწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვება  საჩივრის მომზადების პროცესში.

კენჭისყრის დღეს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში იმუშავებს ქოლ-ცენტრი, რომელიც  – საარჩევნო უბნებზე არსებული მდგომარეობის შესახებ დამკვირვებლებისგან მიიღებს ინფორმაციას (ვიდეო და ფოტო მასალა), დაამუშავებს და მიაწვდის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელიც საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს პრესკონფერენციაზე გააცნობს მედიას.

პროექტი დაფინანსებულია  ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით დაკვირვებას კენჭისყრის დღეს ბოლნისის და მარნეულის ოლქებში განახორციელებს. აღნიშნული პროცესი არ წარმოადგენს ფონდი „ღია საზოგადოების“ პოზიციას და ეფუძნება “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის დამკვირვებლების და ექსპერტების ანალიზსა და შეხედულებებს.