fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების  წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების ანგარიში  გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. ხშირია ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და მუქარის, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტები. ადგილი აქვს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე ანგარიშსწორებისა და ზეწოლის, პოლიტიკური პარტიების ოფისების დარბევის და საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი ქონების დაზიანების შემთხვევებს. კვლევისთვის განკუთვნილ პერიოდში დაფიქსირდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლების პარტიულ ღონისძიებებზე მობილიზებისა და პოლიტიკური ნიშნით პროფესიული საქმიანობის შეზღუდვის ფაქტები.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიიჩნევს, რომ საქართველოში, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდმა გამოკვეთა საყურადღებო საკითხები. კერძოდ, დაძაბული და პოლარიზებული გარემო, რაზეც ყველაზე უფრო მეტი უარყოფითი გავლენა იქონია ე.წ. „კარტოგრაფების საქმეზე“ დაწყებულმა გამოძიებამ. საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე გამოიკვეთა მიკერძოებული საქმიანობის ნიშნები, რაც ყველაზე მეტად გამოვლინდა საარჩევნო დავებისა და საოლქო/საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით განსაზღვრული კომისიის წევრების არჩევის პროცესში. საარჩევნო კამპანიის წარმოება ხდებოდა დაძაბულ გარემოში, ადგილი ქონდა მნიშვნელოვან ინციდენტებს, რომელთა დიდ ნაწილზე სამართალდამცველი სტრუქტურების რეაგირება იყო არასაკმარისი და ხშირ შემთხვევაში, არაადექვატურიც. განსაკუთრებით სამწუხარო იყო ჟურნალისტებსა და დამკვირვებელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების მიმართულებით გამოიკვეთა საეჭვო შემოწირულობები, რომელიც აუცილებლად შესწავლილი უნდა იყოს აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ. საარჩევნო დავების წარმოებისას გამოიკვეთა ფორმალისტური მიდგომები, რომლის დროსაც ნაკლები ყურადღება ექცევა საკუთრივ საჩივრის არსზე მსჯელობას.

არსებული გამოწვევების შესაბამისად, აუცილებელია, არჩევნების დასრულებამდე ხელისუფლებამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ ყურადღება გაამახვილოს წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი პრობლემური საკითხების მიმართ, გაითვალისწინოს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასაარჩევნო პერიოდში მომზადებული რეკომენდაციები, რათა უზურნველყოს არჩევნების მიუკერძებელ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.

შუალედური ანგარიში სრულად იხილეთ აქ

 

do you have any questions

Need Explore Solution For Business Growth & Marketing Purpose